შვეიცარიაში, UEFA-ს შტაბბინაში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრაზე გაირკვა ქართული გუნდების მეტოქეთა ვინაობა.
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ სამი ქართული გუნდი: „თბილისის დინამო“, „ქუთაისის ტორპედო“ და „საჩხერის ჩიხურა“ იღებენ მონაწილეობას.
წილისყრის შედეგებით, „თბილისის დინამოს“ მეტოქე სან მარინოს „ლა ფიორიტასა“ და ანდორას „ენგორდანს“ შორის გამარჯვებული იქნება.
„ქუთაისის ტორპედო“ ყაზახურ „ორდაბასს“ დაუპირისპირდება, „საჩხერის ჩიხურა“ კი ლუქსემბურგის გუნდს „ფოლა ეშს“.
UEFA-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 11 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი 18 ივლისს.