საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გახსნას გამოეხმაურა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატი „კომუნისტური პარტიიდან“ სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, მისი ოფიციალური წარმომადგენლის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა მძიმე სანახავი იყო. თუმცა, თავად მას მყისიერად რეაგირების საშუალება არ ჰქონდა, რადგან საქართველოში არაა და ამ ფაქტის შესახებ გვიან შეიტყო.
„სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში, შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება.
კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები.
ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა კობახიძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.