Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობო ორგანიზაციები 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

21 ივნისი, 2019 17:21

არასამთავრობო ორგანიზაციები 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აფასებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

„ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესად აღშფოთებული ვართ 20 ივნისს განვითარებული მოვლენებით. სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენების მოწმე, რასაც შედეგად მოჰყვა ათობით ადამიანის დაკავება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

20 ივნისის დილიდან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლის სიმბოლურ აქტს. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლისთვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნის დათმობით გამოწვეულმა პროტესტმა დღის განმავლობაში მზარდი ხასიათი მიიღო და დღის ბოლოს პარლამენტთან მრავალრიცხოვან აქციაში გადაიზარდა.

სამწუხაროდ, არცერთ ეტაპზე ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა კეთილგონიერება და ვერ შეძლო წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ადეკვატური რეაგირება, რამაც უკიდურესად გაამძაფრა პარლამენტთან მიმდინარე პროტესტი.

აქციისას მიმდინარეობისას, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან პარლამენტის და სტრატეგიული ობიექტების დაკავების რიტორიკამ სიტუაციის დამატებითი ესკალაცია გამოიწვია. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტში ძალით შესვლის მცდელობამ და პოლიციასთან ძალისმიერმა დაპირისპირებამ სამართალდამცავებს მანიფესტაციის უფლებაში მართლზომიერი ჩარევის საფუძველი გაუჩინა. თუმცა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყების და მიმდინარეობისას სამართალდამცავების მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს.

საქართველოს კანონმდებლობის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი ორგანოების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის გასაგები ფორმით არ გაკეთებულა გაფრთხილება აქციის შეწყვეტის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალის გამოყენების შესახებ. ამასთან, არსებითად პრობლემური იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები, ისევე როგორც მათი ინტენსივობა, ფორმა და მიზანი. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რიგ შემთხვევაში რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა სახის და თავის არეში დამიზნებით, მცირე დისტანციიდან, რაც ტოვებდა განცდას, რომ მსგავსი ქმედების მიზანი დემონსტრატების დასახიჩრება და არა აქციის დაშლა იყო.

როგორც ცნობილია, დაზარალებულებს შორის მედიის წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი ასევე საუბრობს ჟურნალისტურ საქმიანობასთან კავშირში მისი დაკავებისა და ძალის გამოყენების შესახებ. არსებითია, რომ ჟურნალისტებთან მიმართებით პოლიციის ქმედებები დროული და დეტალური შესწავლის საგანი გახდეს.

20 ივნისს პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სახეზე იყოს აქციის მონაწილეთა თვითნებური და უსაფუძვლო დაკავება. საგანგაშოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულთა ნაწილის მიმართ დაკავებამდე და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე. როგორც ცნობილია, დაკავებულთა საქმეების განხილვა სასამართლოში უკვე დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებს მიეცეთ დაცვის უფლების და ადვოკატებთან კომუნიკაციის საშუალება. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ინდივივიდუალურობის პრინციპის მკაცრი დაცვით მათი საქმეების განხილვა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს დაკავებულთა შესაძლო დაზიანებების შემთხვევებზე.

შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, პოლიტიკური ხელისუფლება კვლავ დუმს, ხოლო მოქალაქეთა ჯგუფი დღეს საღამოს კვლავ საქართველოს პარლამენტთან შეკრებას აანონსებს. ამ პირობებში, გადამწყვეტია, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გააცნობიეროს პროცესების მშვიდობიან ფორმატში წარმართვის აუცილებლობა, არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი ესკალაცია და საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“,- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა განვითარებული მძიმე პროცესების გამო და გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  • პოლიტიკური კრიზისების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა;
  • სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების და საპოლიციო ოპერაციით გამოწვეული მძიმე შედეგების გათვალისწინებით, თანამდებობა ასევე დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა;
  • უახლოეს საათებში ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით და დაიწყოს რეალური დიალოგი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან. მათ შორის, ხელისუფლებამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად განიხილოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;
  • მოვუწოდებთ პოლიციას დღეს დაანონსებულ აქციაზე უზრუნველყოს მანიფესტაციის უფლებით მშვიდობიან გარემოში სარგებლობის შესაძლებლობა და არ დაუშვას ძალის არაპროპორციული გამოყენება;
  • მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება;

ამასთან, მიმართავენ პოლიტიკურ ოპოზიციას, გაიაზროს მისი როლი და პასუხისმგებლობა პროცესების შესაძლო განვითარებაში, თავი შეიკავოს ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებისგან და არ დაუშვას ვითარების შემდგომი ესკალაცია.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  •  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საერთაშორისო სამართლიანობა
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საზოგადოება და ბანკები
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია
  • თანასწორობის მოძრაობა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^