"პირველ რიგში მინდა, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაშავდნენ ადამიანები, ზოგიერთი იმიტომ, რომ წესრიგს იცავდა და ზოგიერთი იმიტომ, რომ საკუთარი და ქვეყნის ღირსების დასაცავად იყო; ზოგიერთი იმიტომ, რომ აჰყვა პოლიტიკურად მოტივირებულ მოწოდებებს", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
პრეზიდენმტა თანადგომა გამოუცხადა ყველა ოჯახს, რომლებსაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ მათი პირადი ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
“სამწუხაროდ, პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის. მათ ევალებათ სახელმწიფოს დაცვა საფრთხისგან, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რამდენიმე წუთში ვინახულებ საავადმყოფოებში."- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ერთი მხრივ, ხელისუფლება და კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე.
"ვნახეთ, რომ მან არ მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედეგების წინასწარ გათვლას.
ეს პირობა გუშინწინ და გუშინ დაირღვა, რის შედეგადაც მივიღეთ მართლმადიდებლური ასამბლეის გაუმართლებელი მოწვევა, სრულიად მიუღებელი ფორმატი და რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მთელმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს ყველას.
„ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა,გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი. მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.