შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, ქალაქ თბილისში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთი
მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა."- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ბრალდებული დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა.