სახელოვანი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმაში იმართება, ამჯერად საქართველოში გადაინაცვლებს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საოპერო ფესტივალის საზეიმო ვითარებაში 16 აგვისტოს გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ ვერდის სახელობის ფესტივალი საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში პირველად გაიმართება იტალიის ფარგლებს გარეთ. გასულ წელს დაიდო სამწლიანი ხელშეკრულება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და პარმის ოპერის სამეფო თეატრს შორის, რომელიც ვერდის ფესტივალის ლიცენზიის მფლობელია. ამდენად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ვერდის ფესტივალის წლევანდელი მასპინძელი გახდება.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს ვერდის საერთაშორისო ფესტივალთან. ასე რომ, საქართველოს ოფიციალურად ეძლევა უფლება ჩაატაროს ვერდის ფესტივალი, ხოლო სპექტაკლები არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართება. კონტრაქტით ასევე გათვალისწინებულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლები მომავალ წელს პარმაში, ვერდის ფესტივალზე.
2019 წელს პარმა ევროპის კულტურის ცენტრი ხდება, რომელიც ევროკავშირის პროგრამის - „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) ფარგლებში ხორციელდება. მომავალ წელს. პარმასა და ბუსეტოში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაგეგმილი გასტროლიც სწორედ ამ დიდი პროექტის ნაწილია.
ვერდის სახელობის ფესტივალში თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის და არტისტების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ოპერის ცნობილი მომღერლები, დირიჟორები და რეჟისორები. ფესტივალი გაიხსნება ოპერით „ბალ-მასკარადი“, ხოლო 23 აგვისტოს ფესტივალი უკვე გადაინაცვლებს დასავლეთ საქართველოში. საკონცერტო დარბაზში Black Sea Arena-ზე წარმოდგენილი იქნება ოპერა „აიდა“ („არენა დი ვერონას“ სცენაზე დადგმული სპექტაკლის ვერსია).
ფესტივალის პარტნიორია უმსხვილესი ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანია Mediaset S.p.A, რომელიც ევროპელებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასაც გააცნობს და ფესტივალის მსვლელობასაც გააშუქებს.