ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას ზედა პალატაში გაასაჩივრებს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ლიბერალთან“ განმარტა, სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა არსებობს, თუმცა ზემდგომი, დიდი პალატა საქმეებს ავტომატურ რეჟიმში არ განიხილავს და გარკვეული კრიტერიუმებით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს გამოარჩევს.
გასაჩივრების შემთხვევაში „პალატასა და დიდ პალატას შორის არსებობს 5 მოსამართლისგან შემდგარი ე.წ. ფილტრაციის კოლეგია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საჩივრის დასაშვებობის საკითხი".
„სტატისტიკა გვიჩვენებს რომ დიდ პალატაში საჩივრის დაშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება და დასაშვებობის ფილტრაციის შედეგად, სარჩელების მხოლოდ 3-დან 4 პროცენტამდე აღწევს დიდ პალატამდე. თუ კოლეგია საჩივარს დასაშვებად ცნობს, დიდი პალატა საქმეს არა ფრაგმენტულად, მხოლოდ საჩივარში მითითებულ დარღვეასთან დაკავშირებით, არამედ თავიდან განიხილავს." - განაცხადა თეა წულუკიანმა.