სტარასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის შედეგად, „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრებად იქნა აღიარებული და ყოფილი მეპატრონეეები - არაკეთილსინდისიერ შემძენებად, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ვერდიქტის მომხრე და მოწინააღმდეგე ბანაკებად განაწყო. ამ აჟიოტაჟში ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა საჭიროდ ჩათვალეს მოკრძალებული განცხადებით შეეხსენებინათ, რომ თუკი სამართლიანობა უნდა აღსრულდეს, „რუსთავი 2“ დამფუძნებლებს უნდა დაუბრუნდეს.
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენ მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია. ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, – აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელევიზიის 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა ქიბარ ხალვაშამდე 3 წლით ადრე, 2012 წელის 8 დეკემბერს დაიწყეს, როდესაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
როგორც „ლიბერალს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი ინფორმაციის და მტკიცებულებების მოპოვება გაართულა ფაქტზე 8 წლის შემდგომ გამოძიების დაწყებამ. შესაბამისად, ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საჭირო სტანდარტი.
დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება ძალზე ჭიანურდება. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ დანაშაული ჩაიდინეს იმჟამინდელი ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა.
პროკურატურამ გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ მიანიჭა დვალსა და აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი. დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2004 წლის ივნისში, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენბელმა განიზრახეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, ძალადობის გამოყენებით, ხელში ჩაეგდოთ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წილები და შესაბამისად, მოეპოვებინათ ტელეკომპანიაზე სრული კონტროლი. მიზნის მისაღწევად, საწარმოს დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი მუქარისა და ძალადობის სხვადასხვა გზების გამოყენებით, აიძულეს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, დაეთმოთ საწარმოში მათი კუთვნილი წილები.
2019 წლის 16 ივნისს, დანაშაულის ფაქტიდან 15 წელი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამოიწურა საქმის ხანდაზმულობის ვადა. ვადის ამოწურვამდე, 2019 წლის იანვარში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პროკურატურას გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოსთხოვეს, რაც მათ სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალებას მისცემდათ.
აღნიშნულ მოთხოვნას გამოეხმაურა მთავარი პროკურატურა. მათ მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.
პროკურატურის ოფიციალური განცხადების მიუხედავად, ფაქტია, რომ 7 წლის წინ დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არაერთი მოწმეა დაკითხული, მათ შორის, ყოფილი და აწ გარდაცვლილი მფლობელი, ეროსი კიწმარიშვილი, კვლავ ძიებაშია. დვალი და აქიმიძე კი კვლავ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში არიან.