პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, შერჩევითი სამართლის პრინციპის დაცვით, საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებაზე. გარდა მიმდინარე სამართლებრივი პროცესისა, ირაკლი ოქრუაშვილმა დეტალურად ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ სხვადასხვა ნიუანსზე.
როგორც ის იხსენებს, „რუსთავი 2“-ის შესაძენად მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობით გადაუხადა ტელევიზიის დამფუძნებლებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს და, ამასთან, უსასყიდლოდ გადაუფორმა „ჯორჯია ონლაინის“ ათპროცენტიანი წილი.
„შემიძლია არ გავამხილო, რა თანხებით შევიძინე „რუსთავი 2“, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ საქმეზე ყველა სახის იურიდიული ხანდაზმულობა გასულია და დამთავრებულია, მაგრამ ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემ მიერ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი სახელები დავასახელო“.
ოქრუაშვილი უარყოფს, რომ თანხის მოსაძიებლად მაშინდელი თანამდებობა გამოიყენა.
„თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, მილიონ 200 ათასი რამდენად მცირე თანხაა იმ შესაძლებლობისთვის, რაც მქონდა... გარკვეული სახის კავშირები მქონდა მაშინაც, მანამდეც და მის მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“ ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოეხმაურა ბრალდებას, რომ „რუსთავი 2-ის“ წილების გადაფორმება ძალადობით მოხდა და განაცხადა, რომ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, ეს პროცესი კანონდარღვევით განხორციელდა, მაგრამ ამ კანონდარღვევას ხანდაზმულობა აქვს გასული.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, 2014 წლის 1 აპრილს დვალისა და აქიმიძის წილების დათმობასთან დაკავშირებით პროკურატურას ჩვენება (რომლის ფრაგმენტები დავით დვალმა გუშინ გაასაჯაროვა) არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოპოვების სანაცვლოდ მისცა: „პოლიტიკაში არსებობს ტერმინი - ბინძური თეთრეულის გამოფენა. ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ თეთრეულის გამოფენა, მაგრამ, რადგან დვალმა ისურვა ამ თემაზე საუბარი, მეც ანალოგიური მეთოდით ვუპასუხებ. ჯერ ერთი, ისმის კითხვა, საიდან ჩაუვარდა დვალს ხელში ჩემი დაკითხვის ოქმი? ის არ ყოფილა მხარე და ჩემსავით იყო დაკითხული, ე.ი. პროკურატურამ მისცა სისხლის სამართლის საქმიდან გადაღებული ასლი, რომელიც მე თვალით არ მინახავს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
როგორც იგი იხსენებს, პროკურატურამ 2014 წლის 1 აპრილს დაკითხა, 15 ივნისს კი დანიშნული იყო ადგილობრივი არჩევნები და იგი გორში მერობაზე აპირებდა კენჭისყრას. „ეს არის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ცხენზე სხედან და მათთვის კონკურენციის გაწევა მარტივი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა ბიძინა ივანიშვილთან, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთი, ხელი არ შემეშალა ამათთვის, დისონანსი არ შემეტანა ამათ გეგმებში და გარკვეული სახის, მინიმუმ ხელის არშეშლა და მაქსიმუმ „მხარდაჭერა“ მიმეღო. ამისთვის შუამავლობა ვთხოვე დათო უსუფაშვილს. ამას ვსაუბრობ დათო უსუფაშვილთან შეთანხმებით. მან მომიტანა ივანიშვილისგან ძალიან მარტივი მესიჯი: „პროკურორ შოთაძეს დაუკავშირდეს, ისაუბრონ და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთო“. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში მხარდაჭერის სანაცვლოდ მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული“, - განცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილმა ბრიფინგზე შეკრებილებს აჩვენა ის ტელეფონი, რომელზეც პარლამენტის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ივანიშვილის მესიჯი გამოუგზავნა და დასძინა: „ამ ტელეფონში იმდენი მაღალჩინოსნის მესიჯები ინახება, თმები ყალყზე დაგიდგებათ“.
ოქრუაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი.
"თუ ოქრუაშვილი ცდილობს, რომ გამრიოს ამ საქმეში, ეს იქნება მორიგი „საამაყო“ ფურცელი მის ისტორიაში” - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი პროკურატურის განცხადებით, ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.ასევე, ოქრუაშვილის განცხადება, სადაც ის ამტკიცებს, რომ დვალი-აქიმიძე არ არიან ცნობილი დაზარალებულ მხარედ, ეწინააღმდეგება პროკურატურის განცხადებას: "2015 წლის 14 თებერვალს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი".