Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრთა პრეტენზიების ფონზე მიმდინარეობს

23 ივლისი, 2019 19:09

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა საქართველოში იმდენად საოცნებო აღმოჩნდა, რომ მისი დაკავებისთვის თანამდებობები ეთმობათ მოქმედ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს. თუმცა, როგორც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ გასაუბრებაზე გაირკვა, არც ერთი მათგანი მხოლოდ მოსამართლის მანტიას არ დასჯერდება: ორივეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

შალვა თადუმაძემ საბჭოს წინაშე გასაუბრებისას იურიდიულ სფეროში 18-წლიან სტაჟს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება მოსამართლეობის პრეტენზიის გამოთქმის საშუალებას ანიჭებს. ამბობს, რომ კარგი იურისტია და კარგად ერკვევა სასამართლოს სისტემაში, ასევე იცნობს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე რეკომენდაციას აძლევენ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, რაც ჰბადებს ეჭვს მის აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით. „ჩემთვის ასევე საინტერესოა ის, რომ შალვა თადუმაძეს განაცხადის ფორმაში რეკომენდატორებად მითითებული ჰყავს პარლამენტის მოქმედი დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც ჩანს, ამ ადამიანებთან წარსულში გარკვეული სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ჩემი კითხვა სწორედ ამას უკავშირდება, რამდენად შეიძლება აპოლიტიკური იყოს ის მოსამართლე, რომელსაც რეკომენდაციას უწევს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ისე პარლამენტის ორი წევრი“, - ამბობს ჯანეზაშვილი.

თადუმაძე მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ეჭვებს უსაფუძვლოს უწოდებს: „შემიძლია ეს ლოგიკა დაგანახვოთ - ირაკლი სესიაშვილთან ერთად 11 წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში გავატარე. თუ ვინმემ იცის ჩემი კვალიფიკაცია, იცის ირაკლი სესიაშვილმა. კიდევ თუ ვინმემ იცის, რა პროფესიული და ადამიანური შესაძლებლობები გამაჩნია, ეს იცის მაია ცქიტიშვილმა, რადგან მთავრობის ადმინისტრაციაში ერთად ვიმუშავეთ 6 წელი. კობა კობალაძე არის ჩემი მეგობარი. ის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შევძელი, სასამართლოს დარბაზიდან გამომეყვანა მაშინ, როდესაც გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებლები არც ისე მაღალი იყო. ამიტომ, ეს ის ხალხია, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ არანაირი პოლიტიკური სიმპათიები არ არსებობს“.

მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეთა შორის გენერალური პროკურორის ხილვა გარკვეულ უხერხულობას უქმნის „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრის“ ხელმძღვანელ სოფო ვერძეულს. „ჩემთვის არა მარტო უცნაურია, უხერხულიც არის გენერალური პროკურორის ამ სტატუსით ნახვა, მით უმეტეს, როდესაც ამ თანამდებობაზე ერთი წლის წინ დაინიშნა. ჩემი აზრით, მან შერჩევის მნიშვნელოვანი და სერიოზული ეტაპები გაიარა და კონკრეტული ხედვით მივიდა იმ უწყებაში, სადაც მივიდა. როგორ შეიძლება გენერალური პროკურორი, რომლის ამ ერთწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა, ახლა ამბობდეს, რომ აღარ სურს გენერალური პროკურორობა და ურჩევნია იყოს მოსამართლე. ეს რა ტიპის პროფესიული არჩევანი, რა ტიპის განაცხადია საერთოდ თანამდებობის პირის მხრიდან, ჩემთვის არის გაუგებარი და უხერხულიც კი,“ - განაცხადა ვერძეულმა.

„დაახლოებით 20 წელი მაქვს სპეციალობით მუშაობის გამოცდილება. აქედან 9 წელი - საკონსტიტუციო სასამართლოში, მანამდე - აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. შესაბამისად, სრულად ვაკმაყოფილებ იმ სტანდარტსა და მოცემულობებს, რაც განსაზღვრულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის", - უთხრა ზაზა თავაძემ გასაუბრებაზე საბჭოს წევრებს.

როგორც მან განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოდან უზენაეს სასამართლოში გადასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ეს სისტემა მისთვის უცხო არ არის. „თუ საბჭოს მოთხოვნებს დავაკმაყოფილებ, შემდეგ პარლამენტის მიერ ვიქნები მხარდაჭერილი, ვფიქრობ, თავს გავართმევ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს საერთო სასამართლოს წინაშე არსებობს“, - განაცხადა თავაძემ. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე თვე დარჩა, შესაბამისად, შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობა მიეღო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს კიდევ ერთ კანდიდატს - გიორგი თევდორაშვილსაც გაესაუბრნენ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. ამ ეტაპზე 50 კანდიდატიდან, ზემოხსენებულ იურისტებთან ერთად, გასაუბრება უკვე გაიარა ზურაბ აზნაურაშვილმა, თამარ ალანიამ, დიანა ბერეკაშვილმა, შოთა გეწაძემ, გრიგოლ გიორგაძემ, გიორგი გოგიაშვილმა, თამარ ბურჯანაძემ, მერაბ გაბინაშვილმა, მირანდა ერემაძემ, მამუკა ვასაძემ, მაია ვაჩაძემ, თამარ ზამბახიძემ.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ობიექტიურობას თავიდანვე უნდობლად ეკიდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, რომლებიც ამ პროცესის შეწყვეტის რეკომენდაციითაც გამოდიოდნენ. როგორც ნაზი ჯანეზაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნავდა, იუსტიციის საბჭოს ვალია, მოსამართლეებად შეარჩიოს საუკეთესო კანდიდატები, რასაც მიმდინარე პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები ეჭვქვეშ აყენებს. მისი შეფასებით, იუსტიციის საბჭოს მიერ პირველ ეტაპზე შერჩეულ 50 კანდიდატს შორის რამდენიმე მათგანი უსამართლოდ, ნეპოტიზმით მოხვდა. დოლიძე და ჯანეზაშვილი მუდმივად გამოთქვამენ პრეტენზიებს გასაუბრების ეტაპზე დაფიქსირებული დარღვევების გამოც.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება 2019 წლის 11 მაისს დაიწყო. ოფიციალურად რეგისტრირებულ 137 მსურველს შორის პირველ ეტაპზე შეირჩა 50 კანდიდატი. ამ ეტაპზე მიმდინარე გასაუბრების შედეგების მიხედვით, საბჭომ ფარული კენჭისყრით უნდა გამოავლინოს და პარლამენტს დასამტკიცებლად გაუგზავნოს 20 კანდიდატი. კანონმდებელთა მხარდაჭერის შემთხვევაში, ისინი უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიას უვადოდ მოირგებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^