Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ედავება პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს? დაცვის მხარის კონტრარგუმენტები

24 ივლისი, 2019 13:40

დღეს მთავარმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.  როგორც მთავარი პროკურატურის მიერ ორი თვის წინ  გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება  2018 წლის 2 აგვისტოს  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების შედეგად  კი  შემდეგი სქემა გამოიკვეთა:

„2008 წლის აპრილ-მაისში - ,,თიბისი ბანკმა“  მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე - ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. 

იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს ,,თიბისი ბანკიდან“ აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.

ამის შემდგომ მოვლენები ვითარდება შემდეგნაირად:

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში - მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით.

თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, “თიბისი  ბანკმა“: 

1. აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია;

2. საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ  გარე   საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა;

3. არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა;

4. არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ შპს სამგორი თრეიდსა და სამგორი M-ზე გაცემულ სესხებს მიენიჭა უიმედო კლასიფიკაცია, ,,თიბისი ბანკი’’ განაგრძობდა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას.

მეტიც, 2012 წელს,  „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად:

,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა. 

ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად ,,სამგორი M’’-ისა და ,,სამგორი თრეიდისა’’, აიღო ,,თიბისი ბანკისთვის’’ 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ წარმოეშვა ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება.

ამის პარალელურად, ,,თიბისი ბანკმა“, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე პ.ღ, რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო  „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებულ კომპანიებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ჩართულ შუამავალ კომპანიასთან მომსახურების გაწევაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 28 სექტემბერს. 

ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ  „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს  სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და  შპს „სამგორი M” - ის წინაშე არსებული სასესხო  ვალდებულება - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 28 თებერვალს გაავრცელა."

„ლიბერალის“ არქივში, აღნიშნულ საქმეზე მოგვეპოვება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატის ,ზვიად კორძაძის კონტრარგუმენტები. 

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკისგან 11 წლის წინ თანხა ისესხა. თუმცა, მისი მიზანი ბანკის ლიკვიდურობის გაზრდა იყო, რადგან ომის შემდეგ ორგანიზაცია გადასარჩენი იყო. ადვოკატი იმედოვნებდა, რომ პროკურატურას ბრალის წაყენების საფუძველი არ გააჩნდა:

„ეს ტრანზაქცია არის 11 წლის წინანდელი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არაერთხელ იქნა შემოწმების პერიოდში შესწავლილი, არანაირი პრობლემა არც ძველი, არც ახალი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, პროკურატურას გაუჩნდა კონკრეტული კითხვები, მამუკა ხაზარაძე დაიკითხა სასამართლოში. ჩვენ სასამართლოში დაკითხვის შესაძლებლბა ავირჩიეთ, რომელიც არსებობს ახალი პროცესის მიხედვით და მიეცა ყველა საკითხზე კონკრეტული განმარტება. თუ დააკვირდებოდით დღეს პროკურატურის განცხადებას, პროკურატურა ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, არავითარი საფუძველი სხვა ბრალის წაყენების არ არსებობს“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში აბსურდულია გამოძიების მუხლიც - ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება.

„თავისთავად მყვირალა მუხლია, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ აბსურდია. იმიტომ, რომ საქმე ეხება თანხის სესხებას ერთი პირის მიერ მეორე პირისგან. გამოჩნდა ისე, რომ ეს თანხა აღებულია და სადღაც არის წაღებული. სინამდვილეში თანხა, არა მხოლოდ ეს 17 მილიონი, არამედ 80 მილონამდე, რომლის მობილიზებაც მაშინ მოხდა, მოხმარდა თვითონ თიბისი ბანკის ლიკვიდურობის გაზრდას. პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი. მთელი ეს თანხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ისევ თიბისი ბანკს მოხმარდა. არსად ეს თანხა, ერთი „კაპიკი“ სხვა რამეში არ დახარჯულა. ასე რომ, ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც წარმოიშვა ამ ორი დღის განმავლობაში“, - თქვა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა:

„მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება“ დაწერა საკუთარ სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძემ.

„მივესალმები“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე, შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა. „რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება უფრო მეტი“ - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^