ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად კოლეგები პეტიციას ავრცელებენ. როგორც "ნაკრესის“ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი შავგულიძე აცხადებს, ისინი ცდილობენ ხმა მიაწვდინონ თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომ ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება, რათა საშუალება მიეცეს დაუბრუნდეს მეუღლეს, ორ მცირეწლოვან შვილსა და სამსახურს. შავგულიძის თქმით, უკვე 2000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ელექტრონულ პეტიციას ხელი.
„ბეჟან ლორთქიფანიძე საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა, საქართველოს ბუნების მკვლევარი და ქომაგი, რომლის სახელსაც არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მათ შორის: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა, საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები; მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიო-საყელოების მეშვეობით კვლევა და სხვ. ბეჟანი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ბუნებისდაცვითი ეროვნული სტრატეგიებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში, რის გამოც მას კარგად იცნობენ, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ისე - საქართველოს პარლამენტში. სწორედ ბეჟანმა გადაარჩინა გარდაუვალ ლიკვიდაციას 2015 წელს დატბორილი ზოოპარკიდან გამოქცეული ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბეჰემოთი, სახელად ბეგი. ბეჟან ლორთქიფანიძე არის მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე, კეთილსინდისიერი ადამიანი. დარწმუნებული ვართ, სასამართლო მას საბოლოდ აუცილებლად გაამართლებს. გვჯერა, რომ მისთვის უკიდურესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არავითარი საფუძველი და საჭიროება არ არსებობდა“ - ნათქვამია პეტიციაში.
ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით „ლორთქიფანიძე გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას". 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამ დრომდე არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება, დასაშვებად ცნობს თუ არა საჩივარს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ნაკრესის“ გამგეობის წევრისა და კონსერვაციის პროგრამის დირექტორის ბეჟან ლორთქიფანიძის პატიმრობის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.