საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას"- ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე კომენტარი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარემ რომან კაკულიამ გააკეთე. მისი თქმით იმედია ეს ჩარევა დროულია. „დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ბანკს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ინფლაციის პრევენციას და არა მასზე დეფაქტო რეაგირებას. ჩარევისთვის სწორი მომენტის შერჩევა ნიშნავს, რომ პრევენციას აკეთებ ინფლაციის. ძალიან კარგია ეს დღევანდელი ჩარევა, ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკეთესიც იყო ადრე, მაგრამ ისინი კომპეტენტური ადამიანები არიან. თუ დღეს ჩათვალეს საჭიროდ, იმედი ვიქონიოთ, რომ დროულია ეს ჩარევა“, - განაცხადა კაკულიამ ჟურნალისტებთან.