
„რუსთავი 2"- ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც მან სასამართლოს შენობაში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა ქვეყანაში, სადაც სამსიტყვიანი გინებისთვის ცხრა თვეს უსჯიან, ყველაფერია მოსალოდნელი და ელის, რომ მას დააკავებენ.
„რასაც მკითხავენ იმაზე ვუპასუხებ, რაც მახსოვს თან, იმიტომ, რომ ლაპარაკია 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც, როგორც იცით, ყველა კომპანიაში არის ფინანსური ხელმძღვანელობის საქმე. რაც მახსოვს, ყველაფერს ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არა მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და, შემიძლია, რომ კვალი არ დავტოვო. თან ძალიან კარგი იურისტი ვარ, შეგახსენებთ და მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს არ ვტოვებ.ამ ქვეყანაში, სადაც სამსიტყვიანი გინებისთვის ცხრა თვეს უსჯიან, ყველაფერია მოსალოდნელი. კუპრავას ჩემზე უფრო ნაკლები გინებისთვის შეუფარდეს, თან ცხრა თვე. - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთაა.
„დიახ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა, საქართველოში არის ოლიგარქია. ეს საკითხი უკვე გარკვეული და გაცნობიერებულია არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი უცხოელი პარტნიორების და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერაც. ეს ემსახურება იმას, რომ პირველი - მე ახალი ტელევიზია ვერ გავაკეთო, მაგრამ მაინც გავაკეთებ და მეორე - გააკოტრონ „რუსთავი 2“ და დამაბრალონ მე. დამაბრუნონ და კიდევ გავისტუმრებ ხელფასებს და ამ ტელეკომპანიას ვაცოცხლებ კიდევ 7 წელი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს.
მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე გუშინ, 1 აგვისტოს დაიბარა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.