პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა. პრემიერის თქმით პროგრამაში შედის ცვლილება და ამ ხარჯის გაწევა საჭირო აღარ იქნება.
„საქართველო არის ძალიან წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ მასში პერიოდულად ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს. ერთ-ერთი ცვლილება გახლავთ ის, რომ მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სერვისიც გახდეს უფასო“, - განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა კომპანია „გილეადისა’’ და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით ხორციელდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ 2016 წლის მაისში მიიღო „ჯანმრთელობის სექტორის გლობალური სტრატეგია ვირუსული ჰეპატიტების შესახებ", რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016-2021 წლამდე.