პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა. თალაკვაძის თქმით, დღეს კონსულტაციების მესამე რაუნდის იწყებენ, რომელშიც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.
არჩილ თალაკვაძის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები:
- კონსტიტუციური კანონპროექტით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით.
- შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით. პარტია, რომელიც პარლამენტის თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს, დაფინანსებს მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფონანსებას.
- პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს.
- უფასო საეთერო დრო პოლიტიკურ პარტიებზე სამართლიანად და თანაბრად განაწილდება. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი.
- ცენტრალური საარჩევნო კომისია და ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრით, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მმართველ პარტიაზე მეტი ადგილი.
- წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებად ბიუროკრატიული.
- პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება.
- ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული უბანი არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითოეული ოლქი ვალდებული იქნება ჰქონდეს მინიმუმ 2 ადაპტირებული უბანი.
- დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი. ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი, ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.