ხაშურის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს’’ გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 60 მუშა გაიფიცა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ლეჟავას, განცხადებით, მუშები ისეთ საკითხებს აპროტესტებენ, რომელიც შრომის კოდექსით გარანტირებულად უნდა ეძლეოდეთ ადამიანებს.
„ამ ეტაპზე 60 ადამიანია გაფიცული. ისინი აპროტესტებენ მიმდინარე პრობლემებს და უარს აცხადებენ სამუშაოს შესრულებაზე. საუბარია უსაფრთხოების ნორმებისა და საკმარისი ხელფასების არარსებობაზე, ასევე არის ხარვეზები და პრობლემები ინდივიდუალური ხელშეკრულებებში. ხშირად დასაქმებულებს პრობლემები ექმნებათ ანაზღაურების დროულად მიცემისა და შვებულების გამოყენებაზე", - განაცხადა ილია ლეჟავამ.
როგორც დასაქმებულები ამბობენ, უკვე მეორე დღეა რაც გაფიცულები არიან. მოთხოვნების დაკმაყოფილბამდე კი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ილია ლეჟავას განცხადებით, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს’’ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა ჯერ-ჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ და მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. თანხმობისა და მომართვის შემთხვევაში კი მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს ზემოაღნიშნულ პროცესში და უზრუნველყოს შემათანხმებელ პროცედურებში მედიატორის მონაწილეობა.