წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი ერთიანდება და უბრუნდება სახელი - „მწერალთა სახლი“. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს კულტურის სფეროში, რაც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებსა და მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე. რეფორმის საფუძველზე, სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, დანერგავს კულტურის სფეროს სსიპ-ებსა და სამინისტროს შორის ორმხრივი ანგარიშვალდებულების პრინციპს, განახორციელებს საქმიანობის შესრულების ეფექტიან მონიტორინგს, შეასრულებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სახელოვნებო განათლების სფეროს პოლიტიკის, სტრატეგიის, საკანონმდებლო და კოორდინაციის ძირითად ფუნქციებს.
ბატიაშვილის განცხადებით, ზემოთ ხსენებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ლიტერატურის მიმართულებით ორი სსიპ-ის (წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის) გაერთიანებით ჩამოყალიბებულ ერთ ორგანიზაციას ნატა ლომოური უხელმძღვანელებს და მას დაუბრუნდება სახელი - „მწერალთა სახლი".