საქართველო მედიაციის შესახებ გაერო-ს კონვენციას შეუერთდა. სინგაპურში გამართულ ცერემონიალზე დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერა.
„კონვენციასთან შეერთებით ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ მიზნისაკენ, რომელიც რეგიონში საქართველოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების ცენტრად, საარბიტრაჟო და სამედიაციო ჰაბად ჩამოყალიბებას გულისხმობს“ - ასე აფასებენ იუსტიციის სამინისტროში, დღეს, ხელმოწერილ დოკუმენტს.
კონვენციის ტექსტი 2018 წლის 20 დეკემბერს გაერო-ს ასამბლეაზე დამტკიცდა. ამ დროისთვის კონვენციას, საქართველოსთან ერთად, შეერთებულნი არიან გაეროს 40-ზე მეტი ქვეყანა. მათ შორის: სინგაპური, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ირანი, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი.
კონვენციის მიზანი კომერციულ და ვაჭრობასთან დაკავშირებულ დავებზე მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების აღსრულებისთვის ერთიანი საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას. სინგაპურის კონვენცია მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად დაეყრდნონ და აღასრულონ მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების ხელშეკრულებები კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში, რითაც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ბიზნესურთიერთობების განვითარებას და წაახალისებს მედიაციის გამოყენებას სავაჭრო და ბიზნეს დავების გადაწყვეტისთვის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიულ საშუალებას, არბიტრაჟთან ერთად.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში არბიტრაჟისა და მედიაციის ძლიერი მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით. „ჩვენ შევცვალეთ კანონმდებლობა და მოხდა მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო არბიტრაჟის პრინციპებთან; შევქმენით საკანონმდებლო მექანიზმი იმისთვის, რომ არბიტრების დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული... ვფიქრობ, მედიაცია და არბიტრაჟი ნამდვილად არის დამატებითი ხელსაწყო იმისთვის, რომ წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა და გავუმკლავდეთ საქმეთა გადატვირთულობას საქართველოს სასამართლოებში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
კონვენციასთან მიერთებით, საქართველო საერთაშორისო ბიზნესს ასპარეზზე მეტ სანდოობას მოიპოვებს და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს - მიიჩნევს სამართლის დოქტორი, ექსპერტი მედიაციიის სფეროში - ირაკლი ყანდაშვილი. მისი შეფასებით, საერთაშორისო ბიზნესპროექტებში მონაწილე სუბიექტებს უკვე შესაძლებლობა ეძლევა, მათ შორის შესაძლო კონფლიქტური სიტუაცია, საქართველოში მედიაციის საშუალებით გადაწყვიტონ, რადგან აქ უკვე აღსრულების მექნიზმის გამოყენების მეტი გარანტია შეიქმნება.
„სინგაპურის კონვენცია, მხარეებს და დღეიდან უკვე საქართველოს, შესაძლებლობას აძლევს, მარტივად აღასრულონ მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების ხელშეკრულებების პირობები. იგი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ბიზნესურთიერთობების განვითარებას და წაახალისებს დავების გადაწყვეტაში მედიაციის გამოყენებას“ - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.