თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა ტელეკომპანია „ტვ პირველის" მფლობელმა, ვახტანგ წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურას მის მამაზე - ავთანდილ წერეთელზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს. როგორც წერეთელი ამბობს, ამით, მასზე, როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიის მფლობელზე მანიპულირებას შეეცდებიან. "ეს არის სრული იდიოტიზმი..ტელევიზია იქნება დამოუკიდებელი გავლენების მიღმა და მოვლენების შუაგულში“ - განაცხადა წერეთელმა.
ვახტანგ წერეთლის თქმით, მან პროკურორისთვის ერთი კითხვის დასმა სცადე, მაგრამ მოსამართლემ ამის საშუალება არ მისცა: „ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, რატომ გახდა აქტუალური 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლა, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი"? მისი შეფასებით სწორედ ეს ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ პროცესი რეალურად მის სატელევიზიო საქმიანობას უკავშირდება.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით მათი „ლეგიტიმური" შეკითხვები შეეხებოდა 2008 წელს ჩატარებულ ფინანსურ ტრანზაქციებს, სადაც წერეთელის კომპანიები - ,,სამგორი M” და ,,სამგორი თრეიდი“ ფიგურირებს. პროკურორის ინფორმაციით მოწმემ დასმულ შეკითხვებზე პასუხები ვერ გასცა იმ მიზეზით, რომ 11 წლის წინანდელი საქმის დეტალები არ ახსოვდა .
პროკურორი ვერ აკონკრეტებს აღძვრება თუ არა საქმე, ტელეკომპანია „ტვ პირველის" მფლობელის მამაზე. მისი განცხადებით, „იმის პროგნოზირება თუ კიდევ ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, გამოძიების ამ ეტაპზე შეუძლებელია", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
მთავარ პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ვახტანგ წერეთელი დაიკითხა, 2008 წლის აპრილ-მაისში - ,,თიბისი ბანკმა“ ბიზნესმენ წერეთლის კომპანიებზე - ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც შემდეგ უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდების გამო ,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.