აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება. „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ველით იმ დღეს, როდესაც ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულებას", ეს განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა 8 აგვისტოს ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მორგან ორტაგუსმა განაცხადა, აშშ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს: „საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წელი გავიდა. ასობით ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, 190 000 სამოქალაქო პირი კი იძულებით გადაასახლეს. ბევრისათვის კონფლიქტის შედეგები დღემდე გრძელდება: განადგურებული საარსებო წყარო, დაშორებული ოჯახები, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა და კერძო საკუთრება, რომელიც ჯერაც არ დაუბრუნებიათ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში. ბორდერიზაციის დასრულების შემთხვევაში სოფელს საირიგაციო სისტემა ჩაეკეტება. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას".
პრესსპიკერის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს: „როგორც დღევანდელი მოვლენებიც ცხადყოფს, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს. მეტიც, საქართველოში რუსეთის შეჭრა და მისი ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია წარმოადგენს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების "ე.წ. დამოუკიდებლობა" და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანის შესახებ. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს და შეასრულოს პირობა საქართველოს მიმართ ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ მანამდე არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანისა და დევნილის სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას.
და ბოლოს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ველით იმ დღეს, როდესაც ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „სამწუხაროა, რომ ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს. იმის მაგივრად, რომ გამოეჩინათ ძალისხმევა წარსულის ტვირთის გადასალახად და ხელი შეეწყოთ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას, ოფიციალური თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები ახორციელებენ ანტირუსულ ისტერიას, რეგიონის იარაღით ავსებას და საქართველოს ნატო-სკენ უცერემონიოდ გაქაჩვას. ეს ყველაფერი ჩიხს ქმნის და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას".
საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „ჩვენ გვახსოვს 11 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები. 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით. სააკაშვილის მთავრობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საერთაშორისო შეთანხმების უხეში დარღვევით დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. სამხედრო ობიექტების და საცხოვრებელი უბნების ერთმანეთისგან განურჩევლად, ქართულმა ძალებმა ცხინვალზე მიიტანეს მასირებული საარტილერიო იერიში. შტურმს მიმართეს რუსი მშვიდობისდამცველების ბანაკზე. ათი მათგანი დაიღუპა. სულ მოკლული იყო 48 რუსი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 162 დაიჭრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო და ეს აშკარა ფაქტი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა: „სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ და აფხაზეთის წინააღმდეგ ანალოგიური აქციის მზადებამ, რაც ამ ხალხების მიმართ თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაცია იყო, არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი გარდა საკუთარი უსაფრთხოების და თვითგამორკვევით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არსებობის უფლების უზრუნველყოფისა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ხელმძღვანელობდა რა, გაეროს წესდებით, გაეროს 1970 წლის დეკლარაციით სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობების პრინციპების შესახებ, ეუთოს ჰელსინკის დასკვნითი აქტით და სხვა ფუძემდებლური საერთაშორისო დოკუმენტებით. ცალსახაა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შედგნენ, როგორც სუვერენული სახელმწიფოები, ორივე რესპუბლიკას აქვს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი, მათ შორის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად მოქმედი ორგანოები, აკონტროლებენ თავის ტერიტორიას, ვითარდება ეროვნული ეკონომიკა და კულტურა და აქტიურად შენდება სამართლებრივი საზოგადოება.“