საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (საკ) პლუტონის ერთ-ერთ კრატერს ქართველი ასტრონომის როლან კილაძის სახელი უწოდა. საკ-ის შეკრებაზე სახელწოდება სულ პლუტონის 14-მა რელიეფურმა წარმონაქმნა მიიღო, რომლებიც New Horizon-ის მისიამ აღმოაჩინა. New Horizon პირველი ხომალდი იყო, რომელიც პლუტონს და მის მთვარეებს ახლო მანძილიდან დააკვირდა და ჯუჯა პლანეტის ზედაპირი დეტალურად შეისწავლა. New Horizon-ის გუნდმა გადაწყვიტა, რომ პლუტონის და გარე მზის სისტემის კვლევაში შეტანილი წვლილისთვის ერთერთ კრატერს რომან კილაძის სახელი ეწოდოს.
როლან კილაძე (1931-2010) ქართველი ასტრონომია. იგი მზის სისტემაში არსებული სხეულების, მათ შორის პლუტონის წარმოშობას, განვითარებას და დინამიკას შეისწავლიდა. მისი კვლევის საფუძველზე 1966 წელს პლუტონის მასა განისაზღვრა. ასევე, როლან კილაძემ სწორად ივარაუდა, რომ პლუტონს თანამგზავრი ჰყავს. კილაძის სამეცნიერო შემოქმედება მეტად მრავალფეროვანია და 150-მდე სამეცნიერო ნაშრომს წარმოადგენს. პლუტონთან დაკავშირებული კვლევების გარდა, კილაძემ ივარაუდა სატურნის რგოლების სისქე, შექმნა გეოსტაციონალურ ორბიტაზე მოძრავი სხეულების თეორია, შეიმუშავა პლანეტაშორისი ხომალდების მეტეორებთან შეჯახების მოდელი.
კრატერი პლუტონზე არ არის მზის სისტემის პირველი ობიექტი რომელსაც კილაძის სახელი ეწოდა. კილაძის სახელს ატარებს მზის სისტემის ერთ-ერთი მცირე პლანეტა “4737 კილაძე”.
როლან კილაძის მოღვაწეობის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ ილიას უნივერსიტეტის აბასთუმნის ობსერვატორიის გვერდზე წაიკითხოთ.