არასამთავრობო ორგანიზაციები 20 ივნისის მოვლენებზე წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოძიების მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართვის მიმართულებით საზოგადოებაში ნდობის მოპოვება ვერ შეძლო.
„კერძოდ: წინასწარი პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობები უმეტესად შაბლონურია და მხოლოდ ზოგად მსჯელობას ემყარება.
დღეის მდგომარეობით პასუხისგებაში არის მიცემული 19 დემონსტრანტი და მხოლოდ 2 პოლიციელი.
საგამოძიებო ორგანოების მიერ გადადგმული ნაბიჯები, გარკვეულ შემთხვევაში, ტოვებს აღქმას, რომ ისინი არა საკითხის სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, არამედ საზოგადოებაში ბრალდებულის მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას ემსახურება. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეზე გავრცელებული ვიდეო და მოგვიანებით, იმავე შემთხვევაზე მედიით გავრცელებული სრული ვიდეომასალა, ობიექტურ დამკვირვებელს მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ აღქმას უჩენს.
ცალსახაა, რომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენებში ყველა მონაწილე ჯგუფის პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს და სათანადოდ შეფასდეს. უდავოა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა დარღვევაზე (დემონსტრანტების თუ პოლიციის მხრიდან) სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია. თუმცა, ამგვარი რეაგირება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, დასაბუთების მაღალი სტანდარტით და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობით უნდა მოხდეს. მიმდინარე კრიზისის ფონზე, საზოგადოების დამოუკიდებელი ჯგუფების ფართო პროტესტის პარალელურად, დემონსტრაციაში მონაწილეთა მიმართ შაბლონური შუამდგომლობებისა და დაუსაბუთებელი განჩინებების საფუძველზე წინასწარი პატიმრობის მასობრივად გამოყენება ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების სურვილზე უფრო მიუთითებს. ამ შეფასებას ამძაფრებს ისიც, რომ საზოგადოებას დღემდე, ორი შემთხვევის გარდა, არ მიუღია სრულყოფილი პასუხი 20-21 ივნისს მოძალადე პოლიციელების მიმართ გატარებული რეალური ზომების შესახებ, კერძოდ, დღემდე არ მომხდარა ყველა კანონდამრღვევი პოლიციელების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა. ამასთან, არც შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან მომხდარა პოლიტიკურ პასუხისმგებლობის გაზიარება, არც დემონსტრაციის დაშლისას გამოკვეთილი სისტემური პრობლემები არ ყოფილა გაანალიზებული და გააზრებული“, - წერია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი უკვე რამდენიმე კვირაა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საფუძვლით 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტს იძიებს. ამ მომენტისთვის ბრალდებულად არიან ცნობილი საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელია, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო და სხვა მთელი რიგი შეზღუდვები აქვს დაწესებული, ასევე პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი და 17 ადამიანი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ასევე მიმდინარეობს გამოძიება აქციის დაშლის დროს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების კონკრეტულ ფაქტებზე, თუმცა ამ მომენტისთვის ბრალი მხოლოდ ორ პოლიციელს აქვს წაყენებული.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ცენტრი „ემპათია“
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
მედიის განვითარების ფონდი
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი