საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მისი პერსონით დაინტერესება, სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებული და კრიტიკული პოლიტიკური პოზიციით ახსნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება, რომლის ფარგლებში დეპუტატი მოწმის სახით უწყებაში იყო დაბარებული, 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს. ანტიკორუფციული სააგენტო შპს „საქართველოს ფოსტაში“ იმ პერიოდს იკვლევს, როდესაც კომპანიის დირექტორის მოადგილის პოსტს ბიძინა გეგიძე იკავებდა. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის მიხედვით, დეპუტატს „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდად 2014 – 2016 წლები აქვს მითითებული.
დეპუტატის ეჭვს გარკვეული თარიღების დამთხვევა ამყარებს: „ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება 2018 წლის ზაფხულში, მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიტიკურ პროცესში საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები და არგუმენტები. პარალელურად, 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში პრემიერ-მინისტრი, ჩემი მეგობარი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, 2 აგვისტოს კი დაიწყო ჩემ წინააღმდეგ გამოძიება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
ბიძინა გეგიძე ჩაბარებული უწყების მიხედვით სუსში დღეს 11:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა მოუცლელობის გამო ვიზიტი გადადო. თუ რა ფაქტის გამო არის გამოძიება დაინტერესებული დეპუტატი ვერ აკონკრეტებს და დამატებითი დეტალების გარკვევას თავადაც დაკითხვის პროცესიდან ელის.
დეპუტატი არ გამორიცხავს რომ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. ამის წყალგამყოფი კი გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შემოდგომაზე უნდა წარადგინოს. „თუ ვიტყვი, რომ ეს სია ჩემს მხარდაჭერას არ იმსახურებს, უმრავლესობიდან გავალ, მით უმეტეს, თუ ეს უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს“,- განაცხადა გეგიძემ.