17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში იმყოფებოდნენ და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. 18 აგვისტოს კი სოფელ არცევთან კიდევ ერთი პირი გაიტაცეს. ცხინვალში საქართველოს მოქალაქეების დაკავების მიზეზად „საზღვრის“ კვეთას ასახელებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, მომხდარის შემდეგ მათ დაუყოვნებლივ გაააქტიურეს მუშაობა ცხელი ხაზის მეშვეობით, დაუკავშირდნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას ელოდება: „როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ორ-სამდღიანი სასამართლო პროცესი და შემდეგ მათ გაათავისუფლებენ. მე მაქვს პირადი კონტაქტები, მყავს სანდო წყარო, რომლის მეშვეობითაც ვიგებ, რამდენად რთულია შექმნილი ვითარება, აქვთ თუ არა დაკავებულებს რაიმე სახის დარღვევა ან დანაშაული ჩადენილი. ცხინვალიდან მეუბნებიან, რომ მალე გამოუშვებენ ჩვენს მოქალაქეებს. ჩემი პირადი დაკვირვებითა და მოლოდინით, უახლოესი დღეების განმავლობაში აუცილებლად გაათავისუფლებენ საქართველოს რვა მოქალაქეს“.
ზაქარეიშვილის თქმით, როცა მსგავსი ფაქტი ხდება, სახელმწიფო მაქსიმალურად ერთვება პროცესებში, იყენებს ყველა რესურსს სიტუაციის გასაკონტროლებლად და პრობლემის აღმოსაფხვრელად. „განსაკუთრებით უშიშროების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით, მუდმივ კონტაქტშია, რადგან მისიაც ძალიან დაინტერესებულია ასეთ დროს ყოველი დეტალით და სიტუაციის განვითარებით“.
საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების პარალელურად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის გავლებას განაგრძობენ.
საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა, რის შესახებაც ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მოგვიანებით სამუშაოები ორი დღით შეწყდა, თუმცა 14 აგვისტოდან კვლავ გრძელდება.
ზაქარეიშვილის თქმით, ბორდერიზაციის პროცესის განახლება 8 და 14 აგვისტოსთანაა დაკავშირებული: „რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში ტემპერატურის აწევით. კარგად იცის, რომ ქართველები ერთმანეთს არ ინდობენ და გადაუვლ-გადმოუვლიან ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ასეთი ღონისძიებები მუდმივად სწევს ტემპერატურას მაღლა და ამით ისინი ხელს ითბობენ, საზოგადოებასა თუ დიპლომატებს ეუბნებიან, ნახეთ ქართველები როგორ ჭამენ ერთმანეთს... ამისთვის სჭირდება რუსეთს მუდმივად ამ თემის წამოწევა“.
ოკუპაციის განახლება რუსეთის ხელთ არსებული ბერკეტია, ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს: „ჩვენი ერთადერთი ბერკეტი კი არა მავთულხლართების გავლების პროცესის შეჩერება, არამედ ხმაური და ამაზე ყურადღების მიპყრობაა. ის, რომ მავთულხლართებს ისევ ავლებენ, ამაში ისეთ ტრაგედიას ვერ ვხედავ, როგორც იმაში, რომ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება. კონფლიქტის არსებობა განსაზღვრავს მავთულხლართების არსებობას და კონფლიქტის მოგვარება განსაზღვრავს მათ შეჩერებას და გაქრობას. კონფლიქტები არ გვარდება და იმიტომ არის მავთულხლართები“, - ამბობს ზაქარეიშვილი.