Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ემსახურება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ანგარიშებზე ყადაღის დადება?

21 აგვისტო, 2019 20:29

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გაააქტიურა ვერსიები, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მიმართ არალეგიტიმური ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე. ეჭვებს ამყარებს ის გარემოებები, რომ მოცემულ საქმეში არ ფიგურირებს დაზარალებული მხარე და ამ სანქციის გამოყენება მოხდა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის ბრალის წაყენებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ.

თავად მამუკა ხაზარაძე ყოველივეს პოლიტიკურ ქვეტექსტებს უკავშირებს და საკუთარ „ფეისბუკზე“ წერს, რომ „ეს ქმედება ემსახურება მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერებას. „ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

ექსპერტთა ნაწილს ეს შემთხვევა ახსენებს 2012 წლის მოვლენებს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობა“  ხელისუფლებაში ყოფნის მიწურულს ოპონენტების, მათ შორის „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა ყადაღის მექანიზმს. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციებს „ქართუ ბანკში", „პროგრეს ბანკში" და სს ,,ქართუ ჯგუფში", ასევე მისი კომპანიების ქონებებს, რასაც მოგვიანებით პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია მიეცა.

პროკურატურაში არ აზუსტებენ, რა ლეგიტიმური მიზანი გააჩნია ყადაღის მოთხოვნას და მის საჭიროებას ხსნიან ზოგადი ფორმულირებით: „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და რეკომენდაციების შესაბამისად, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის, 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით. ამჟამად მიმდინარეობს განჩინების აღსრულებისთვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებები“.

პროკურატურა საკუთარ განცხადებაში ყადაღის დეფინიციასაც განმარტავს და აცხადებს, რომ ეს სანქცია წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო დროებით იძულებით ღონისძიებას და გამოიყენება განაჩენის აღსრულებამდე. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება .

ადვოკატი ზვიად კორძაძე  ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გაასაჩივრებს, თუმცა დიდი იმედი არ აქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  „მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება.“ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^