შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 10 მაისიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის აღნიშნული, თუ რა სახის სანქციები გატარდა სამართალდამრღვევების წინააღმდეგ.
სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. ეს ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
სექსუალური შევიწროება ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ხოლო ამ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ან ორი ან მეტი პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.