საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. როგორც „ლიბერალს“ პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდება გირაოს თანხად 500 000 ლარს ასახელებს.
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ავთანდილ წერეთელი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ხელისუფლების მიმართ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ კრიტიკულ ტონს უკავშირებს. „იმ მთავრობამ წარმართვა ქონება და ფული, ახლა ამ მთავრობამ წამართვა, მაგრამ „ტვ პირველს“ ვერავინ წამართვმევს“ - აცხადებს წერეთელი.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ავთანდილ წერეთლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტის გამო ედავება. განცხადების მიხედვით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
საქმე ეხება 2008 წლის აპრილ-მაისში განხორციელებულ ფინანსურ ტრანსაქციას, როდესაც ,,თიბისი ბანკმა“ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის კომპანიებზე ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 16 664 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდეგ უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაყენებული ბრალდების გამო ,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს, ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის შვილი, „ტვ პირველის" მფლობელი ვახტანგ წერეთელიც დაკითხა. დაკითხვიდან გამოსულმა ვახტანგ წერეთელმა ეჭვი გამოთქვა, რომ პროკურატურას მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს და ამით, მასზე, როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიის მფლობელზე მანიპულირებას შეეცდებიან.