თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასამართლოს განჩინებით, ბიზნესმენს ასევე ეკისრება ვალდებულება, რომ საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრები არ დატოვოს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ავთანდილ წერეთელი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მოსამართლემ წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა. მას დასახელებული თანხა არ გააჩნია და შესაბამისად არაფრის გადახდას აპირებს.
ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას „ძვირფასი ადამიანის ბედით ვაჭრობას" ადარებს მისი ვაჟი, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი და აცხადებს, რომ მამის დასახსნელად ტელევიზიის შენობის ბანკში ჩადება მოუწევს.
პროკურატურის ვერსიით, 2008 წელს ,,თიბისი ბანკმა“ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის კომპანიებზე ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 16 664 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდეგ უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. გამოძიება ამ ტრანზაქციას წერეთლის მხრიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების კვალიფიკაციას აძლევს და მიიჩნევს, რომ საამისოდ მამხილებელი მასალები მოეპოვება. "ავთანდილ წერეთლის მიმართ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც საბოლოო ჯამში მოხდა ამ თანხების თაღლითურად დაუფლება. ასევე არის "თიბისი ბანკის" თანამშრომლების ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, საბანკო ამონაწერები, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი", - აცხადებს საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილი.
თავად ავთანდილ წერეთელი კი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. როგორც მან სასამართლო დარბაზში შესვლამდე განაცხადა, მეგობრებს გარკვეული თანხა ასესხა, ხოლო რა ტრანზაქცია განახორციელეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ეს მას არ ეხება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრალდების საქმეში ფიგურირებენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელთაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 700 000-700 000ლარიანი გირაო და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთის აკრძალვა აქვთ შეფარდებული.