პოლიციამ მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. შემთხვევა გუშინ, 27 აგვისტოს საღამოს, პეკინის გამზირზე მოხდა. ბავშვი ოჯახთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, როდესაც გამვლელმა ბასრი საგნით სახის არეში ჭრილობები მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".
ამდროისთვის დაჭრილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. როგორც მკურნალმა ექიმმა, ნათია ვასაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა ოპერაცია და ჭრილობები გაიკერა. ექიმის თქმით მცირეწლოვანს პლასტიკური ჩარევა აღარ დასჭირდება.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფება პალატაში. აღენიშნებოდა ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოებში. ჩაუტარდა ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება და გაკერვა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ნაიარევი არ დარჩენოდა, პლასტიკური ჩარევა პაციენტს აღარ დასჭირდება. დღეს განყოფილებაში დარჩება, მისი გაწერა კი, ხვალ დილით იგეგმება".
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.