„რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას", - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, „მედეფის“ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფრანგული ბიზნესკომპანიების გაერთიანების საერთაშორისო ფორუმზე პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ქმედებებზე ვრცლად ისაუბრა.
„ჩვენი ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია! რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი".
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული.
„ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო შევამციროთ და ჩვენი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ბაზრის დივერსიფიცირება მოვახდინოთ. ჩვენ გვსურს ჩვენი მეწარმეებისათვის იყოს მეტი ევროპული ინვესტიცია, ჩვენს რეგიონებში იყოს მეტი ევროპელი ტურისტი, ჩვენს პროდუქციას ჰყავდეს მეტი ევროპელი მომხმარებელი! ჩამოდით საქართველოში და დარწმუნდით, რომ ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ. ჩამოდით ამ ზაფხულს, ამ ზამთარს და ოთხივე სეზონზე. საქართველო - 5 მილიონი ევროპელის ქვეყანაა და ის დიდ ევროპულ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.