Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოკლული პოლიციელის ოჯახი მსჯავრდებულის შეწყალების გამო პრეზიდენტს მიმართავს

29 აგვისტო, 2019 17:27

„შოკირებული ვარ. თარაში დღეს მეორედ მოკლეს“ - ასე აფასებს მოკლული პოლიციელის თარაშ მუკბანიანის დეიდა - ნინო ოდიშარია მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

როგორც მან „ლიბერალთან“ განაცხადა, ოჯახი მიმართავს პრეზიდენტს, რომ საჯაროდ დაასახელოს, ვისი ინიციატივით, რის საფუძველზე და რა მოტივით შეიწყალა თარაშის მკვლელი.

„ვიდრე ეს მკვლელობა მოხდებოდა, ერთი წლით ადრე რამაზ დევაძე პოლიციელის ცემისთვის იყო დაკავებული. ჯერ ორთვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რომელიც 2 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვლეს. სწორედ ამის მერე მოკლა თარაში.. 21 წლის სტუდენტი, რომელმაც დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო პოლიციაში მუშაობა. ახლა უკვე 12 წლის გატარებაც არ უნდა ციხეში. მოვითხოვ სახელმწიფოსგან, პრეზიდენტისგან, პარლამენტისგან, გამცენ პასუხი ვისი ინიციატივით მოხდა ეს?“ - აცხადებს ნინო ოდიშარია.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის  მოხსენიებამ საზოგადოების ნაწილში მწვავე რეაქციები გამოიწვია. პოლიციელის მკვლელის მიმართ ჰუმანურობის გამოჩენის გამო პრეზიდენტს ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კრიმინალურ ავტორიტეტების შეკვეთა შეასრულა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივაცია გაუგებარია მმართველი გუნდის წარმომადგენლებისათვისაც.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ დევაძე წარმოადგენს ბათუმში შავის საქმეების მომგვარებელი და არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დამხმარე კრიმინალური ავტორიტეტის ლავას ოღლის დაჯგუფების წევრი. „როდესაც შენ არჩევნებზე იყენებ კრიმინალურ სამყაროს, ცხადია მასთან ვალში რჩები და სწორედ ამ ვალის გადახდად შეიძლება შევაფასოთ დევაძის შეწყალება“ - აცხადებს  ნადირაშვილი.

მისი თანაპარტიელი გიორგი კანდელაკის განცხადებით, პოლიციის თანამშრომელი, 2 შვილის მამა, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელმა მისივე ტაბელური იარაღით მოკლა, რადგან მანდილოსანს გამოესარჩლა. „შემდეგ ჩვენ გვახსოვს, როგორ აპარებდა მთავრობა ამ მკვლელს საზღვარზე, მან საზღვარი გადაკვეთა და იქ შემთხვევით მყოფმა მოკლული პოლიციელის თანამშრომლებმა დააკავეს ნეიტრალურ ზონაში. 4 წლის შემდეგ მკვლელი გათავისუფლებულია. საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო და თავისმომჭრელი პრეზიდენტი“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი

„ნაციონალურ მოძრაობის წევრი“ რომან გოცირიძე ამ გადაწყვეტილების მხოლოდ ორ მოტივს უშვებს:. პირველი ეს არის კორუფცია, ამ მეორე - ხელისუფულების მხრიდან ამ ადამიანის მფარველობა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც გარიგება არსეობოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული პოლიციელის მკვლელის ქუჩაში გაშვება.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავასთვის გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალების შესახებ. "შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ", - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ხულორდავამ.

რამაზ დევაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის სექტემბერში 12 წლით პატიმრობა შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უმცროს-ინსპექტორის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიუსაჯა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1992 წელს დაბადებულ თარაშ მუკბანიანს, რომელიც ინციდენტის დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. პოლიციელი მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძე 2015 წლის თებერვალში პოლიციელებმა მაშინ დააკავეს, როცა იგი სარფის საბაჟო პუნქტიდან საქართველოს დატოვებას აპირებდა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 „ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები. ოლიგარქი კრიმინალთან ახლო თანამშრომლობით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. პოლიციას, რომელიც წლების განმავლობაში პირადი რისკის ფასად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ქართულ სახელმწიფოებრიობას იცავდა, ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს დაუქვემდებარა, ღირსება შეულახა" - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტმა წელს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ანგი ხუციშვილის თქმით, პრეზიდენტმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა 34 მსჯავრდებული, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^