მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე საუბრობენ. დასახელდა რამდენიმე მინისტრი, რომლის შეცვლაც არის დაგეგმილი. სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება, რომელიც აღნიშნულ უწყებას 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა.
მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში არ ფლობენ. „მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ", - განუცხადა ნინო წივწივაძემ „ლიბერალს".
მედიაში ცვლილებების შესახებ ვერსიები ბოლო ერთი თვეა ვრცელდება. მმართველ პარტიასა და მთავრობაში ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ. 1 სექტემბერს „ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაა დაგეგმილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატები ამ შეხვედრის შემდეგ ელიან დაზუსტებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე.