მთავარი პროკურატურაში გამოეხმაურნენ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულ პრეტენზიებს, რომელიც მათი წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების თემაზე დიპლომატებთან დაგეგმილი შეხვედრის რისკებს შეეხებოდა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მათ მიერ 6 სექტემბერს დიპლომატებთან არანაირი შეხვედრა არ ჩანიშნულა, თუმცა ამ საქმეზე უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გააცნობენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებული პირებს.
„საქართველოში სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტების დაცვით და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რასაც ცალსახად ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. ბრალდებულთა მხრიდან ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიუხედავად, საქმეზე გამოძიება გაგრძელდება ობიექტურად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, 6 სექტემბერს, გენერალურმა პროკურატურამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიწვია დახურულ შეხვედრაზე, სადაც პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენაა დაგეგმილი. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა მათ წინააღმდეგ აღძრული საქმის ლეგიტიმაციის კრიზისზე მიანიშნებს და პროკურატურის სურვილია, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა დიპლომატიურ კორპუსზეც გაანაწილოს.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურას ახსენებენ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ პირის დამნაშავეობა უნდა ამტკიცოს, მხოლოდ სასამართლოა, ხოლო მსგავსი დახურული შეხვედრები საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას გამოხატავს.
„ჩვენთვის გაუგებარია რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებული) გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად. ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე.
განცხადებაში გამოთქმულია ეჭვი პროკურატურის ინიციატივით ჩართულ უცხოელი ექსპერტების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებითაც: „თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები, რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული და ყოველმხრივ ინფორმაცია და ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ აზრი მიმდინარე საქმეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ამ განცხადებას პრეზუმფციულ ეჭვის შეტანას უწოდებენ პროკურატურაში. მათი შეფასებით, აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შესთავაზა.
„ბრალდებულთა მხრიდან ექსპერტების საქმიანობის და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართ ეჭვების დაფიქსირება, მათი მხრიდან პრევენციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს წინმსწრებად დასკვნის დისკრედიტაციას“.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ „ობიექტურობის და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებით, უარი თქვა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე, როდესაც მსგავსი შინაარსის საქმეებში მხილებული პირები სასამართლოს განაჩენს წინასწარ პატიმრობაში ხვდებიან. ამის ნაცვლად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების პირობებში და არც მათი გადაადგილებაა შეზღუდული, მათ შორის, არც საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ბრალი ოფიციალურად 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღმკვეთ ღონისძიებად, გირაოს სახით 700 000 -700 000 ლარი აქვთ შეფარდებული.