
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ტვ პირველი“ მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23513.21 ლარით დააჯარიმა.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6 % დაეკისრა.
„2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია. კომისიის მხრიდან არაერთი მცდელობისა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიზნით კომისიის სხდომების გადადების მიუხედავად, ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფილმებზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარმოადგინა. მსგავსი კანონდარღვევის გამო, კომისიამ „ტვ პირველი“ 2019 წლის 7 მარტს წერილობით გააფრთხილა, ხოლო 30 მაისს ფინანსური ჯარიმა, კომპანიის შემოსავლის 0.1% - 3496.74 ლარის ოდენობით დააკისრა“, აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ფაქტს კრიტიკული ტელევიზიის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ აქტად მიიჩნევს „ტვ პირველის“დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი. როგორ იგი აცხადებს, „ტვ პირველზე“ კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, სამაგიეროდ მიიღეს 23 ათასი ლარის ჯარიმის ქვითარი.
„დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!“ - წერს ვახტანგ წერეთელი.