ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ გირაოს სახით დაკისრებული 500 000 ლარი გადაიხადა. მისი ადვოკატის, კახა წერეთლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გირაოს საფასური მისი ოჯახის წევრის კუთვნილი უძრავი ქონებით იქნა უზრუნველყოფილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ვერსიით, 2008 წელს ,,თიბისი ბანკმა“ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის კომპანიებზე ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 16 664 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდეგ უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. გამოძიება ამ ტრანზაქციას წერეთლის მხრიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების კვალიფიკაციას აძლევს.
27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება წერეთლის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.