მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, ინგლისის ექსპერტიზის ბიუროდან, სადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მისამართით „მუქარის წერილის“ ნიმუში იყო გაგზავნილი, შუალედური პასუხი მიიღეს. ექსპერტიზის შედეგად წერილზე გამოვლინდა ათობით თითის ანაბეჭდი, რომელთა წარმომავლობის შესასწავლად მასალებს პროკურატურას გადასცემენ.
ადვოკატის განცხადებით, ინგლისში გრძელდება ლინგვისტური და სხვა სახის ექსპერტიზები, მაგრამ ეს პროცესი არ უშლის ხელს, მათ ხელთ არსებული მონაცემებიც პროკურატურას წარუდგინონ:
„დისკს, რომელსაც პროკურატურაში წარვადგენთ ათეულობით ანაბეჭდია. დანარჩენი გამოძიების საქმეა, არც თუ ისე რთული. მან უნდ მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიფიკაცია და შემდეგ უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე.. რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდი არის ზედ", - განაცხადა კორძაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა, რომ „ტვ პირველის“ საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით თუკი მათი მოთხოვნები, არ შესრულდება რეპუტაციას დაუნგრევდნენ.
გიორგი გახარია წერილის ავტორობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ „წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირში ეუბნება“. გახარიამ ამ საკითხზე განცხადება გააკეთა პარლამენტშიც, სადაც მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილებოდა. „ამ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა 6 თვე. მამუკა ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს", - აღნიშნა გახარიამ.
მამუკა ხაზარაძე - მუქარის წერილზე ექსპერტიზა სერიოზული შედეგით დასრულდა