დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილი წარადგინეს.
„მოსახლეობისთვის კიდევ ერთ პრიორიტეტულ საკითხად ჯანდაცვა რჩება. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და მისაწვდომობით კმაყოფილია, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების მაღალი ფასი მათთვის შემაშფოთებელია. გასული წლის განმავლობაში, მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურებისა (54 პროცენტი) და წამლის ყიდვის გადადება (50 პროცენტი) მოუწია".
საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - „თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა“ - გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. 24 პროცენტის თქმით, პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა,14 პროცენტისშეფასებით, სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური.
კითხვაზე - „საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ ჯანდაცვის ხარისხით საქართველოში“ - გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, გამოკითხულთა 58 პროცენტი კი ამბობს, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია.
კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ უკმაყოფილოა გამოკითხულთა 16 პროცენტი, ხოლო ძალიან უკმაყოფილო 9 პროცენტი.
კითხვაზე - „გასული წლის განმავლობაში, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გადაგიდიათ თუ არა სამედიცინო მკურნალობა, იმიტომ, რომ არ გქონდათ ამის ფინანსური შესაძლებლობა“ - 54% დადებითად პასუხობს, 45% - უარყოფითად, 1%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კითხვაზე - „გასული წლის განმავლობაში, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს წამალი გჭირდებოდათ, მაგრამ არ გქონდათ შეძენის ფინანსური შესაძლებლობა“ - გამოკითხულთა 50 პროცენტმა უპასუხა დიახ, 49%-მა - არა, ხოლო 1%-მა პასუხი არ იცის.
აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.7 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.