დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილი წარადგინეს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, გჯერათ თუ არა რომ, როდესაც პენსიაზე გახვალთ შეძლებთ დაგროვილი თანხით სარგებლობას ? საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილ თანხას უკან დაიბრუნებს. 30 პროცენტს სჯერა, რომ შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას, 13 %-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.
18-დან 39 წლამდე გამოკითხული მოსახლეობის 27% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო პროგრამაში.71 % კი აცხადებს, რომ ჩართული არ არის სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში.
40-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის 8% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო სისტემაში, ხოლო 90% აცხადებს რომ - არ არის ჩართული.
აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.7 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.