
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მსგავსი შეწყალება", - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უნდა არსებობდეს ფილტრები იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში მსჯავრდებულები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები.
„შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები", - განაცხადა პრემიერმა.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეწყალების ახალი წესის შემუშავებამდე მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის სამი მსჯავრდებული მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. მათ შორის რამაზ დევიძე, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, ასლან ბეჟანიძე 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის და ზურაბ ნადირაძეზე, გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის. შეწყალებულთა შორის აღმოჩნდა ერთი ძებნილი პირიც.