დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარადგინეს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.
დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას „ცუდად" აფასებს. მთავრობის საქმიანობას კარგად მოსახლეობის 32% აფასებს.
NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის თქმით, „გასული წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეფასება გაუარესდა, რაც სავარაუდოდ, მოსახლეობის მიერ ქვეყნის მიმართულებისა და ეკონომიკის ცუდ შეფასებასთან არის დაკავშირებული". 2018 წლის დეკემბერში მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 48% აფასებდა ცუდად, მარტში 49%.
ამავე კვლევის თანახმად, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება.
აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.7 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.