დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარადგინეს, რომელშიც წარმოდგენილია მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.
მოსახლეობის უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.
19 % - მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას”, 9 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 4-4 % „ევროპულ საქართველო-თავისუფალ დემოკრატებსა” და „პატრიოტთა ალიანსს” ასახელებს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოქალაქეების 59 პროცენტი წავიდოდა ხმის მისაცემად, 41 არ წავიდოდა.
გამოკითხული მოსახლეობიდან, ვინც არჩევნებზე წასვლას გეგმავს, 57 პროცენტს, ამ მომენტისთვის, არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის შემოხაზავდა.
აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისს. შედეგები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და ეფუძნება 2,131 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.7 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.