სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს. 2018 წლის მოცულობითი ანგარიში სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოში 20 მარტს შეიტანა და მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ვინაიდან ანგარიშის განხილვა დაგვიანდა და ამასობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან მოვლენებს ჰქონდა ადგილი, დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, არ შეიზღუდება საანგარიშო პერიოდით და მზადაა 2019 წელს მომხდარი ფაქტების შესახებაც დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის კუთხით, 2018 წელს იკვეთებოდა გაუმჯობესების ტენდენციები, თუმცა 2019 წელს განვითარებულმა ზოგიერთმა მოვლენამ, მათ შორი 20-21 ივნისის ფაქტმა და მედიასივრცეში დატრიალებულმა ამბებმა, ამ პოზიტიურ ცვლილებებს ჩრდილი მიაყენა.
სახალხო დამცველის ანგარიშში გაანალიზებულია ის პრობლემებიც, რომლებიც წინა პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა. დოკუმენტში ნეგატიურ კონტექსტშია მოხსენიებული თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხზე გამოძიება.
საქართველოს სახალხო დამცველმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარლამენტმა გენერალური პროკურორი უნდა დაიბაროს და მისგან მოისმინოს პასუხები, რატომ ვერ დასრულდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და ტარდება თუ არა ყველა საგამოძიებო პროცესი.
ანგარიშში ნახსენებია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ეფექტიანობა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მასალებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები.
ასევე, სახალხო დამცველს შეფასებით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოკლული პატიმრის ლევან კორტავას საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ მოხელეებს სასჯელის არაპროპორციულად მსუბუქი ზომა შეეფარდათ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყველა საქმე რომელიც ეხებოდა პოლიციელებისა თუ პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს გამოუძიებელია და პასუხისგებაში არც ერთი პირია მიცემული.
სიცოცხლის უფლებასთან და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილებას და მანდატის გაფართოებას, რათა ჰქონდეს წვდომა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალებზე, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობის შესაფასებლად და დასადგენად.
პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატში პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ მომართვიანობა შემცირებულია, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ დაზიანებათა მაჩვენებელი, რომელიც დაკავებულმა პირებმა დაკავების შემდეგ მიიღეს.
სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით მიმოხილულია სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.
სახალხო დამცველის შეფასებით, 2018 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით, გამოწვევად რჩებოდა ჯანსაღი მედიაგარემოს არსებობა. შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე.
2018 წლის ანგარიშში ცალკლე თავები ეთმობა პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვას, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას, უმცირესობების საკითხებს, გამოხატვის თავისუფლებას და სხვა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას.
რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის შემდეგ, პარლამენტი შესაბამის დადგენილებას მიიღებს.