დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დავით ნარმანიას კანდიდატურას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) თავმჯდომარის პოსტზე, მხარი დაუჭირა. ნარმანიას თქმით, მისი თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ აქტიური მუშაობა გაგრძელდება მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. სექტორის განვითარების მიზნით კი შენარჩუნებული იქნება ბალანსი მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის.
როგორც ნარმანია ამბობს, „ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ენერგეტიკული ბაზრის გახსნა აუცილებელია, ევროინტეგრაციის იმ ძირითადი ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია". მისივე თქმით, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება, ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაქმნელად.
„ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისიები პარლამენტისგან დელეგირებული ფუნქციით იმიტომ არის აღჭურვილი, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებოდეს. კახიძის თქმით, როდესაც ამ პოზიციაზე პირდაპირ მმართველი ძალის პოლიტიკური ფიგურები ინიშნებიან, ეს ორგანოს დამოუკიდებლობას სრულიად ეწინააღმდეგება.
„ყველა მარეგულირებელი კომისია ცალკე იმიტომ არსებობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან გავლენის ქვეშ არ იყოს. ეს არის კომისიის მთავარი არსი და ამიტომაც ყველა მის თანამშრომელს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს. სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები პარლამენტი იქნებოდა. ცალკე ინსტიტუცია იმიტომ არსებობს, რომ ამ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იყოს. „ქართულმა ოცნებამ“ კი გადაწყვიტა, ამ თანამდებობაზე პირდაპირ მისი პოლიტიკური სახე, დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია დაენიშნა. ეს არის მარეგულირებლის დამოუკიდებლობის პირდაპირ ძირის გამოთხრა. ფორმალურადაც კი არ ეცადნენ, რომ ვიღაც სხვა დაენიშნათ. ანუ პირდაპირ ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი ადამიანი დასვეს“, - აცხადებს კახიძე.
საკითხის განხილვა პარლამენტის სესიაზე გაგრძელდება. დავით ნარმანიას მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად, 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.