Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერაბ გაბინაშვილი - მოსამართლეები პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ

24 სექტემბერი, 2019 15:49

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მერაბ გაბინაშვილთან წარდგენით დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, 2006-2012 წლებში სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა გორისა და ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 2012-2017 წლებში, იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე და კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო 2017 წელს, უვადოდ გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ და დაინიშნა ამავე პალატის თავმჯდომარედ. 2019 წლიდან, იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეა. 2013-2017 წლებში, მერაბ გაბინაშვილი, ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

მერაბ გაბინაშვილი ასევე იყო 2018 წლის დეკემბერში ნომინირებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიაში, რომელმაც საბოლოოდ კანონმდებელთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და საპარლამენტო უმრავლესობაში განხეთქილების მიზეზიც გახდა.  

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგა ბოკერია დაინტერესდა მერაბ გაბინაშვილმა თავდაპირველად ვისგან მიიღო ამ პოსტზე ნომინირების შეთავაზება, რაზეც მან უპასუხა, რომ პირადად იუსტიციის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ შეატყობინა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა მიანიშნა, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცესს მოსამართლეები ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე განაგებენ. ეჭვების გაფანტვის მიზნით, რომ წინადადება ამ პერსონებისაგან არ ჰქონდა მიღებული, იმ პერიოდის ტელეფონის ზარების ამონაწერის გასაჯაროება შესთავაზა. „ვისთან გქონდათ კომუნიკაცია, მაგალითად, მურუსიძე ხომ არ იყო ის, ვინც გირეკავდათ ხშირად იმ დღეებში?“, - მიმართა ბოკერიამ კანდიდატს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის შეკითხვა, მერაბ გაბინაშვილის მხრიდან მისი თანაპარტიელის ნიკა მელიასთვის აღმკვეთი აღკვეთის დამძიმებას შეეხებოდა. გადაწყვეტილება იმიტომ ხომ არ მიიღო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიაში მოხვედრილიყო, იკითხა დეპუტატმა.

„მაშინ, რამ გაიძულათ აღკვეთის ღონისძიების ის ფორმა, რომელიც ნიკა მელიას დაუწესეთ?! საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას გირაო შეუფარდა, მას აუკრძალა საჯარო სივრცეში გამოსვლა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაადგილება შეუზღუდა სააპელაციო სასამართლომ, ანუ თქვენ, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების ამ ფორმას დაუმატეთ კიდევ ერთი, ელექტრონული კონტროლი ანუ ნიკა მელიას სახლიდან გასვლა-შემოსვლა უნდა აკონტროლოს საგამოძიებო ორგანომ. ამისათვის სამაჯურის გაკეთება გახდა საჭირო. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩაიდინეთ უფრო სამართლიანი საქციელი, ვიდრე საქალაქო სასამართლომ?!“, - ჰკითხა გოცირიძემ გაბინაშვილს.

მოსამართლის განცხადებით, პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც არ დააკმაყოფილეს. რაც შეეხება დამატებითი ღონისძიების სახით სამაჯურის გამოყენებას, განმარტა, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია და საქმეს დღეს იგივე მოცემულობით, რომ იხილავდეს, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე დაინტერსდა მოსამართლის პოზიციით: სააკაშვილის მმართველობის პირობებში, მისი კოლეგები იღებდნენ თუ არა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. „მე ვფიქრობ, რომ არ იღებდნენ, ვინაიდან მე რომ ეს დაგიდასტუროთ, უნდა გითხრათ, რომელი მოსამართლე იღებდა ასეთ გადაწყვეტილებას, უნდა ვიცოდე ამ გადაწყვეტილების შესახებ და მისგან გამოწვეული სამართლებრივი შედეგები. მე კოლეგის საქმიანობას ვერ შევაფასებ,“ - განაცხადა გაბინაშვილმა.

„მიმაჩნია, რომ თქვენმა პოზიციამ და გადაწყვეტილებებმა ბოლო მოუღო მიხეილ სააკაშვილს და თქვენნაირი კანდიდატურების მხარდაჭერა ბოლოს მოუღებს „ქართულ ოცნებას“ - განაცხადა ფოფხაძემ.  

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილმა იკითხა: ხომ არ სმენია კანდიდატს 2012 წლამდე ადამიანებს რომ ართმევდნენ ქონებას, მათ შორის ფინანსურ პოლიციის მექანიზმის გამოყენებით, სადაც გაბინაშვილი გამომძიებლად დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობის პირობებში მუშაობდა. ასევე დაინტერესდა ამ პერიოდში იყო თუ არა სასამართლო პოლიტიკური სისტემის ნაწილი, რაზეც პირდაპირი პასუხი ვერ მოისმინა. დასკვნის სახით ლევან გოგიჩაიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებული მანიფესტის ერთ-ერთი პუნქტი წაიკითხა, რომლის მიხედვით, იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერი საგადასახადო, პროკურატურისა და სასამართლოს გამოყენებით ბიზნესზე ძალადობას აღწერს. „ვინ არის მართალი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი, თუ მერაბ გაბინაშვილი, რომელიც გვეუბნება რომ სასამართლო არ ყოფილი პოლიტიკური სისტემის ნაწილი? რომელი ატყუებს საზოგადოებას?“- იკითხა დეპუტატმა 

კანდიდატმა საჯარო პირის პოლიტიკური განცხადების შეფასების გაკეთებაზე უარი განაცხადა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^