Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება - ეკა ბესელია

24 სექტემბერი, 2019 16:37

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მისთვის ცნობილია ამის რამდენიმე ფაქტი. როგორც ბესელია ამბობს, ინფორმაციის გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან ამ ადამიანებისგან ნებართვა არ აუღია.

ბესელიას განცხადებას მმართველი გუნდიდან მწვავე კომენტარები და კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, დეპუტატმა უნდა დაასახელოს ამ ადამაინების ვინაობა და გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ  ბესელიას განცხადებაში გამიზნული დეზინფორმაციაა. ეს კი, მისი თქმით პოლიტიკურ უზნეობაა. გია ვოლსკის თქმით, მსგავსი მეთოდის გამოყენება „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის.

„თუ რაიმე ასეთი ინფორმაცია გააჩნია ეკა ბესელიას, აუცილებელია მიაწოდოს ან საზოგადოებას ან სულ მცირე გახადოს ეს ნათელი და ხმამაღლა განაცხადოს ამის თაობაზე. ასე საუბარი, რომ ვიღაცას აშანტაჟებენ, იმდენად არ ახასიათებს „ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერას, რომ აქ უზუსტობას აქვს ადგილი. აქ არის საზოგადოებისთვის გამიზნული დეზინფორმაცია მიწოდებული, რომელიც პოლიტიკურ უზნეობას ძალიან უახლოვდება. მან ამასთანავე, ძალიან კარგად იცის ვინ იწერდა პირად ცხოვრებას, ვინ ეხებოდა, ვის აშანტაჟებდა და ვისი ხელწერა იყო“,-აცხადებს ვოლსკი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, თუ ეკა ბესელიას მორიგ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია აქვს და არ საუბრობს, ეს არის დანაშაული. 

„თუ ეკა ბესელიას ასეთი ინფორმაცია აქვს, მაშინ ის უნდა გაამჟღავნოს. დუმილის შემთხვევაში კი დამნაშავე თავადვე გამოდის. თუ არ აქვს და ისე საუბრობს, მხოლოდ პოლიტიკურად, რაც მისი მხრიდან ბევრჯერ მოგვისმენია, ეს არის უბრალოდ ჭორაობა და მეტი არაფერი,"- განაცხადა კილაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი კი ფიქრობს, რომ პირადი ცხოვრების გამოყენება პოლიტიკურ ბრძოლაში მიუღებელია, თუმცა ამასთან ერთად კატეგორიულად  ემიჯნება ბრალდებებს, რომელზეც ეკა ბესელია საუბრობს.

„კატეგორიულად ვემიჯნები ბრალდებებს, რომელიც ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს, როდესაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები შესაძლოა, ამ მეთოდებს მიმართავენ, მაშინ როდესაც გამოძიებამ დაადგინა პირადი ცხოვრების ამ კადრების ჩამწერი პირების ვინაობა, გავრცელებაზეც მოხდა ამ პირების დასჯა. ხელისუფლების დამოკიდებულება პირადი ცხოვრების კადრების და ამ ფაქტების მიმართ არის ძალიან ცხადი, მკაფიო და მგონია, რომ ამ თემაზე ზედმეტი სპეკულაცია საჭირო არ არის“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია „ლიბერალთან“ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ბესელია ამბობს, რომ არცერთმა ვინც მის ნათქვამზე კომენტარი გააკეთა, არც კანონი იცის და არც ეთიკა. ბესელიას თქმით, დეპუტატი კანონით არ არის ვალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ინფორმაცია გაანდოს, რაც მას კომფიდენციალურად უთხრეს. 

„ლიბერალის“ კითხვაზე არიან თუ არა ის ადამიანები დეპუტატები, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ, გვპასუხობს, რომ ამ ინფორმაციას არ გაასაჯაროებს, რადგანაც იმ ადამიანებისგან ნებართვა არ აქვს.

„ჩემი პასუხია არც ერთმა ვინც კომენტარი გააკეთა არც კანონი იცის და არც ეთიკა. ის მაინც წაიკითხონ დეპუტატი ვალდებულია თუ არა რაც გაანდეს ის ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე მეორე რომ არ შეიძლება სხვისი პირადი სივრცე დაარღვიო. ამის გარდა უპასუხისმგებლოები არიან და კომფორტში ჩაეფლნენ ცქიტიშვილით დაწყებული კილაძე-ვოლსკით დასრულებული. არც კი რცხვენიათ რას ლაპარაკობენ. ამიტომაც უნდა დასრულდეს მათი ხელისუფლებაში ყოფნა, ეს ჭაობია. შინაგან საქმეთა სამინისტროდან კი არავინ დამკონტაქტებია“, - აცხადებს ბესელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^