
საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც უკვე სამი დღეა შიმშილობს, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა „ფეისბუქზე" წერს, რომ აფგანი დღეს სხვა პატიმრებისგან იზოლირებულია.
აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი ბაქოში აღმოჩნდა. როგორც თავად მუხთარლი ამბობს ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ფორმები, მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს.
აზერბაიჯანის სამართალდამცველი ორგანოები იუწყებიან, რომ ჟურნალისტის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მუხთარლიმ სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. დაკავებულს, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თან აღმოაჩნდა 10 000 ევრო. შესაბამისად აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში მუხთარლი (რომელიც ბაქოს ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს, რათა თავისი დის, დისშვილების და ძმისშვილის ორმოცს დასწრებოდა) ამბობდა, რომ მისი ექსტრადირება კანონიერი გზებით სურდათ, თუმცა ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობდა, მისი გატაცება მოიფიქრეს.
დღეს უკვე მოშიმშილე, სამარტოო საკანში მყოფი ჟურნალისტი ასევე აცხადებდა, რომ წერდა ალიევის და მისი ოჯახის ბიზნეს ინტერესებზე სხვადასხვა სფეროში, სასტუმროებზე თბილისსა და ბათუმში, მიწაზე გურჯაანში, ორ ბანკზე - „პაშა ბანკსა" და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკზე, ილჰამ ალიევის და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებზე. ასევე მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინინისტრის და პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრალეულობასაც გაუსვა ხაზი. მუხთარლის აზრით, მისი გატაცება ალიევსა და კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგი გახლდათ.
აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების გამო, 2017 წლის 20 ივლისს, თანამდებობები დატოვეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით ნიკოლეიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ კუპრაშვილმა. პროკურატურამ საქმეზე ძიება დაიწყო, რომლის შედეგბსაც კვლავ ველოდებით.
აფგან მუხთარლის უფლებების დარღვევის საკითხს განიხიალვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. საჩივარი წარდგენილი გახლავთ როგორც აზერბაიჯანის ისე საქართველოს წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა მუხთარლის საქმეს, რაც გულისხმობს, რომ ჟურნალისტის უფლებათა დარღვევის საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება. მოცემული სამართლებრივი ინსტრუმენტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთვევებში გამოიყენება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ( მაგ. როდესაც უფლებათა დარღვევის საკითხი აშკარაა და ადამიანის სიცოცხლე და მისი ფუნდამეტური, კონვენციით დაცული უფლებები გადასარჩენად სასწრაფო ინტერევენციას საჭიროებენ).
აფგან მუხთარლის საქმე მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშშიც, რომელშიც ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშრებული მოვლენებია აღწერილი. ნათქვამია ისიც, რომ მუხთარლიმ მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.
საქართველოს სახელმწიფო ავტორიტეტს უკვე მიადგა ზიანი აფგან მუხთარლის, ალიევის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის, თბილისში გაუჩინარების, შემდეგ კი აზერბაიჯანში დაკავების გამო. შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანი გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტიც.
ბუნებრივია, სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. გლობალური საფრთხეები, ტერორიზმის ახალი ტალღა და სხვა ფაქტორები სამართალდამცველ ორგანოებს მეტი კოორდინაციის ვალდებულებას უჩენს, მაგრამ აფგან მუხთარლის საქმე ამ კატეგორიას არ განეკუთვნება და შორს გახლავთ სამართლიანობის პრინციპებისგან. მუხანათური გატაცების ფაქტი, საქართველოს დედაქალაქიდან ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქად რჩება. აუცილებელია სასწრაფოდ დადგინდეს ჟურნალისტის გატაცებასთან ნებისმიერ შემხებლობაში არსებული ყველა პირი და დაეკისროს შესაბამისი პასუხიმგებლობა. ეს გახლავთ აუცილებელი მინიმუმი. წინააღმდეგ შემთხვევაში გვრჩება ორი ვერსია - საქათველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ავტორიტეტი შელახულია, ან დანაშაულის კვალს მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირებთან მივყავართ...