ტყიბულელმა მეშახტეებმა მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია დილიდან განაახლეს. მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი კუთვნილ ხელფასებს და შახტის ამუშავებას ითხოვენ. აქციას შეუერთდა ადგილობრივი მოსახლეობაც.
ამ დრომდე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში რჩებიან გაფიცული მეშახტეები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 სექტემბერს, ტყიბულში 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
გუშინვე, შეხვედრა გაიმართა „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორსა და მეშახტეებს შორის, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის და მეშახტეებს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში ეცნობებათ.