საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, დეპუტატს გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება და მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თავად შეატყობინებს. „შესაბამისად, ამ ეტაპზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ“ - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია „ლიბერალთან“ პროკურატურაში მის დაბარებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. ბესელია ამბობს, რომ დეპუტატის დაკითხვა არ შეიძლება, ამიტომაც პროკურატურაში მისვლის მხოლოდ გასაუბრება იქნება. ბესელია მათიკაშვილის განცხადებასაც აფასებს და ამბობს, რომ არაკომპეტენტური შეფასებებია. ბესელია ამბობს, რომ ის სხვის პირად ინფორმაციას არ გაასაჯაროებს. „დეპუტატის დაკითხვა არ შეიძლება, მოწმედ სისხლის საპროცესო კანონით და ამიტომაც, უწყებაში მისვლისას მხოლოდ გასაუბრება იქნება. ამაზე პროკურატურასთანაც შევთანხმდი. ხოლო, კანონი არ იცის არცერთმა იმ დეპუტატმა ვინც არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა. ასევე, სხვის პირად ინფორმაციას მე ვერ გავასაჯაროებ“,-აცხადებს ბესელია „ლიბერალთან.“
დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება, თუმცა ინფორმაციის გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან ამ ადამიანებისგან ნებართვა არ აუღია
ბესელიას ამ განცხადებას ყოფილი თანაგუნდელების მწვავე კომენტარები და კრიტიკა მოჰყვა. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით დეპუტატმა ამ ადამიანების ვინაობის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. დუმილის შემთხვევაში კი დამნაშავე თავადვე გამოდის.„ლიბერალთან“ საუბარში ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ მისმა ოპონენტებმა, ვინც მსგავსი კომენტარი გააკეთა არც კანონი იცის და არც ეთიკა. „ის მაინც წაიკითხონ დეპუტატი ვალდებულია თუ არა რაც გაანდეს ის ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე მეორე რომ არ შეიძლება სხვისი პირადი სივრცე დაარღვიო“.
ეკა ბესელია მოუცლელობის მიზეზად პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გასაუბრების პროცესში მონაწილეობას ასახელებს.
უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილის განცხადებით, დეპუტატის მხრიდან პროკურატურაში არ მისვლის მიზეზად მოუცლელობის დასახელება ბევრ კითხვას ბადებს: „საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონმა ეკა ბესელიამ. რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს, თუკი მისი ინფორმაცია არის დანაშაულის მატარებელი, რა თქმა უნდა, როგორც უფლებადამცველი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ინფორმაციის გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და მყისიერი რეაგირების რეჟიმში ეს დანაშაული იყოს აღკვეთილი, თუ მას ნამდვილად აქვს ადგილი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.