საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე შოთა გეწაძე გასაუბრების პროცესამდე დეპუტატები მის ბიოგრაფიას გაეცვნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შოთა გეწაძესთან გასაუბრების დაწყებისთანავე ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე შეახსენეს.
2011 წლის 11 ოქტომბრის პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელიც განსახილველად მოსამართლე შოთა გეწაძეს დაეწერა. ოპოზიციის ლიდერისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება, რაც იმჟამად საზოგადოების ფართო წრეებში პოლიტიკური დევნად იყო აღქმული და სახალხო დამცველის კრიტიკაც დაიმსახურა, მოსამართლემ ძალაში დატოვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დაჩი ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი დაინტერესდნენ, ხომ არ იყო განპირობებული მისი ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლით, გრძნობდა თუ არა მორალურ პასუხისმგებლობას და იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანდა თუ არა დღეს? მოსამართლემ ზეწოლის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ განჩინების მიღებისას ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად და დღესაც, რომ იგივე კანონმდებლობა მოქმედებდეს, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი კანდიდატის მხრიდან სასამართლო სისტემაში ლევან მურუსიძის გავლენისა და ლიდერობის შეფასებით დაინტერესდა, რაზეც შოთა გეწაძემ განაცხადა, რომ სიტყვა „ლიდერი“ სასამართლოს სისტემის მიმართებით არ მოსწონს. „თუ გინდათ ლიდერი გამოიყენეთ, ოღონდ კარგი გაგებით. ბატონ ლევანს თავისი უნარ-ჩვევებით, გულწრფელობით, გულახდილობით, ასევე ის ძალიან კარგი იურისტია, სამართლებრივად მე ვიცი მისი შესაძლებლობები. ასე ვთქვათ, მან იაქტიურა და გარკვეულწილად უფრო ცნობადი გახდა, უფრო აქტიურობდა სხვებთან შედარებით. თუ ამაში იგულისხმება ლიდერობა, კი ბატონო, მაგრამ.. სად სასამართლო და სად ლიდერი, აი, ამ ლიდერობას მე არ ვეთანხმები“, - განაცხადა შოთა გეწაძემ.
რაც შეეხება, 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შეფასებას.. შოთა გეწაძის განცხადებით, იმ პერიოდის სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემებსა და ავტორიტარიზმის ნიშნებს ხედავდა, თუმცა, იმის თქმა, რომ ეს ნიშნები სისტემის ორგანული ნაწილი იყო, არ ეთანხმება.
შოთა გეწაძე 2003-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნად, შემდეგ კი – თანაშემწედ. 2006-2007 წლებში მას მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად. 2011-2015 წლებში შოთა გეწაძე დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლე. 2011-2017 წლებში მოსამართლე შოთა გეწაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.